სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

ბაქრაძე: უკონტროლო პროკურატურას ვაძლევთ ბერკეტს, რომ გააკონტროლოს პარლამენტი

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დაგეგმილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დეპუტატისთვის იმუნიტეტის შესუსტებას ითვალისწინებს, არ არის როლანდ ახალაიას საწინააღმდეგო კანონი. როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ბაქრაძემ თქვა, როლანდ ახალაისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა პარლამენტს ხუთ წუთში შეეძლო. მისი განცხადებით, ის, რაც დღეს ხდება, არის თითოეული დეპუტატის საწინააღმდეგო კანონი.

"მათ შორის, პირველ რიგში, იმ უმრავლესობის დეპუტატების საწინააღმდეგო, რომლებსაც აუცილებლად ექნებათ პრობლემები პროკურატურასთან. ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ ეს არის თქვენი პროკურატურა. ათი წელია, პარლამენტის წევრი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, როგორი პრობლემები შეიძლება არსებობდეს "შენს პროკურატურას" და "შენს უმრავლესობის" წევრებს შორის. მე შემიძლია, ახლავე დაგისახელოთ 3-4 პარლამენტარი უმრავლესობიდან, რომელსაც პრობლემები ჰქონდა მის საკუთარ პროკურატურასთან. ამ კანონით, ერთი წლის შემდეგ, ასეთი დეპუტატების რაოდენობა იქნება არა 3-4, არამედ, 30-40. თქვენ თვითონ, თქვენი ხელით აძლევთ ბერკეტს პროკურატურას, რომლითაც ის ყოველთვის გაგაკონტროლებთ. როგორც კი ისეთ რამეს გააკეთებთ, რაც არ მოეწონება მთავრობას, თქვენს წინააღმდეგაც ისევე ჩაირთვება გამოძიება, როგორც დარბაზის მარჯვენა მხარეს სხდომთა წინააღდეგ. ნუ მოვიტყუებთ თავს, როლანდ ახალაია იქნება პირველი მსხვერპლი, მაგრამ ეს არ არის ახალაიას კანონი, ეს არის კანონი, რომელიც იმოქმედებს ყველა პარლამენტარზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ყველა პარლამენტარის დამოუკიდებლობას და რომელიც, რაც ყველაზე უარესია, მთავრობას პარლამენტისგან უკონტროლო პროკურატურის მეშვეობით, მისცემს ბერკეტს, რომ გააკონტროლოს პარლამენტი" - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ შარშან მიღებული სისტემით, პროკურატურა მთლიანად გასულია პარლამენტის კონტროლიდან. მისი თქმით, დღეს არსებული მოდელით, პარლამენტი ვერც ერთ სტადიაზე ვერ ერევა და ვერ აკონტროლებს პროკურატურის მუშაობას.

"მთავარი პროკურორის დანიშვნაში პარლამენტს არ შეუძლია თქვას არც ერთი სიტყვა, პროკურატურის მუშაობის შეფასებაში პარლამენტს არ შეუძლია თქვას არც ერთი სიტყვა და მთავარი პროკურორის დათხოვნაში პარლამენტს არ შეუძლია თქვას არც ერთი სიტყვა. ამაში ჩვენ დავრწმუნდით, როცა საუბარი იყო ფარცხალაძის და ბადაშვილის გაშვება-არჩევის შემთხვევაში. დღეს კი, ვიღებთ ცვლილებას, რომლითაც ამ საპარლამენტო კონტროლიდან მთლიანად გასულ პროკურატურას საშუალება ექნება პარლამენტის ნებისმიერი წევრის მიმართ განახორციელოს დევნა და ჰქონდეს კონკრეტული ბერკეტი ნებისმიერ პარლამენტარზე ზემოქმედებისთვის. უკონტროლო პროკურატურის ხელში ბერკეტის მიცემა ნიშნავს ერთს -  ჩვენ როგორც დეპუტატები, ჩვენი ხელით ვიმცირებთ საკუთარ დამოუკიდებლობას, ჩვენი ხელით ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვართ შეძლებისდაგვარად ძლიერი პარლამენტის წევრები. ეს სიკეთემდე არ მიგვიყვანს არც თქვენ, არც ჩვენ, არც ქვეყანას და არც ჩვენს მოსახლეობას. არის გადაწყვეტილებები, რომელსაც თითის დაჭერისთანავე ვივიწყებთ. ეს გადაწყვეტილება კი, ძალიან ბევრი თვის და წლის განმავლობაში იქონიებს გავლენას ყველა ჩვენგანზეც და ქართულ სახელმწიფოზეც" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისმვე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება, "ვიღებთ სიტაციას, როდესაც მთავრობა მას დაქვემდებარებული პროკურატურის მეშვეობით, პირდაპირ გააკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ პარლამენტს, რომელიც იქნება კრიტიკული მთავრობის მიმართ ან არ მოეწონება მთავრობის საქმიანობა".

"მე ნამდვილად მინდა, იმედი მქონდეს, რომ ის დაპირებები და აბსოლუტურად სწორი სიტყვები, რომლებიც თქვენგან ისმოდა პარლამენტის როლის გაძლიერებაზე, მეტ დემოკრატიაზე, მეტ დაცულობაზე, არ იქნება ისეთი დაფანტული სიტყვები, როგორიც თქვენი ხელისუფლების სხვა დაპირებები" - თქვა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება იქნება პარლამენტის დასუსტება და ქვეყნის დემოკრატიისთვის ფუნდამენტურად უკან გადადგმული ნაბიჯი.

დღეს, კანონპროექტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით განიხილავენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას დაკითხვის ნებართვა სთხოვა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს მიმართა, რომ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, კანონპროექტის ინიცირება დაუყოვნებლივ მოხდეს". უსუფაშვილის თქმით, ეს საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, თავისი უფლებამოსილება განახორციელოს, მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში.

კომენტარები