უკრაინის მოვლენები

ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის ფედერალიზაციას ითხოვს

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის ყოფილი  პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი   ახალ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს და ქვეყნის ფედერალიზაციას ითხოვს.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ  Associated Press-ს მისცა. ვიქტორ იანუკოვიჩმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ჯარების შეყვანა სთხოვა.  იანუკოვიჩის თქმით, მისი მიზანი  უკრაინის მოქალაქეთა დაცვა იყო.

რაც შეხება ყირიმის ანექსიას, ამაზე პასუხისმგებლობა იანუკოვიჩმა ახალ ხელისუფლებას დააკისრა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყირიმის დაკარგვა მისთვის ტრაგედია იყო, მაგრამ რეფერენდუმი ყირიმში მოსახლეობის პროტესტის ფორმა გახდა.

იანუკოვიჩი მაიდანის ტრაგედიასაც შეეხო და განაცხადა, რომ სროლის ბრძანება არ გაუცია. მან ახალ ხელსუფლებას და მაისში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. ამავე დროს, იანუკოვიჩი ქვეყნის ფედერალიზაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. ფედერალიზაციის მოთხოვნას კიევს მოსკოვიც უყენებს. იანუკოვიჩი, რომელმაც უკრაინის ტერიტორია თებერვლის ბოლოს დატოვა,  რუსეთში იმყოფება.  დღეს იგი მედიის წინაშე მესამედ გამოჩნდა. 

კომენტარები