უგულავას დაკითხვა

უგულავა: სითი პარკის თემის წამოწევა წმინდა წყლის წინასაარჩევნო პროპაგანდაა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე უკვე მივიდა. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან თქვა, რომ მისი დაბარება ხელისუფლების წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია.

"რამდენადაც ვიცი, სითი პარკთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. მსოფლიოს ყველა ქალაქში არსებობენ პარკინგის კონტროლიორები და არავის არ უყვარს ისინი. ამიტომ, წინასაარჩევნოდ ამ თემის წამოწევა წმინდა წყლის წინასაარჩევნო პროპაგანდაა და მეტი არაფერი, იმიტომ, რომ ამით რაღაცა უნდა ილაპარაკონ. რა პრეტენზიები აქვთ, არც ვიცი და არც მაინტერესებს, ჩემი პატარა ბავშვიც კი ხვდება, რომ ბაბუამისს ასამართლებენ ჩემს გამო. სითი პარკთან დაკავშირებით, შემდეგ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით, მოკლედ, არჩევნებამდე ყველა შხამს, რაც კი ივანიშვილს თავის ავადმყოფ თავში აქვს, ყველაფერს გამოუშვებენ. პრობლემა სხვა რამეშია. ერთ რამეში, რომ ამ შიზოფრენიას ავრცელებს, როგორც შავ ჭირს ეს ადამიანი და საბოლოო ჯამში მიდის საზოგადოების დაპირისპირება. რის წახალისებასაც მთავრობა ახდენს, ვგულისხმობ ჩასაფრებული ჯგუფების აქეთ-იქით სირბილს და კვერცხების სროლას, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლებაზე, რომელსაც ნულოვანი რესურსი დარჩა, სხვანაირად შევიდეს კონკურენციაში ოპონენტებთან, არის წერას და შიშს ატანილი, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან გიგი უგულავას მომხრებსა და ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. 
მათ შორის პოლიციის ორი კორდონი და ჯებირებია აღმართული. ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც გიგი უგულავა დაკითხვაზე შევიდა.

უგულავა დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა. ის სითი პარკის საქმეზე საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით იკითხება.

კომენტარები