უგულავას დაკითხვა

ბოკერია: მთავრობა დაკავებულია კრიმინალების წახალისებით და ოპოზიციის დევნით

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს მთავრობა დაკავებულია კრიმინალების, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების წახალისებით და დემოკრატიული ოპოზიციის დევნით, იმიტომ, რომ ეს ოლიგარქ ივანიშვილის კაპრიზია. ბოკერია პარტიის სხვა წევრებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან იმყოფება, სადაც ამ დროისთვის გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს.

"ეს არის, სამწუხაროდ, ნაწილი იმ პოლიტიკის, რასაც ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ერთი მხრივ, რეპრესიები, დაჭერები იმ პოლიტიკური ოპონენტების, ვისი ხმის გაგონება და კრიტიკა ივანიშვილს არ სიამოვნებს და მეორე მხრივ, ორგანიზება ასეთი სამარცხვინო ჯგუფების, რომლებიც დაუსჯელად ცდილობენ ძალადობა ჩაიდინონ. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკური დავალებაა დეფაქტო მმართველის, ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან და მისი მარიონეტის, ღარიბაშვილის მხრიდან, რომ პროკურატურის და სამართალდამცავთა ძირითადი საქმე იყოს არა ბრძოლა კრიმინალთან, არამედ ამ ტიპის ქმედებების ჩადენა და ამ ტიპის მოკრიმინალო ადამიანებთან თანამშრომლობა. მთავრობა დაკავებულია კრიმინალების, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების წახალისებით და დემოკრატიული ოპოზიციის დევნით. იმიტომ, რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის კაპრიზი", - თქვა ბოკერიამ.

საგამოძიებო სამსახურის წინ კი შეკრებილი არიან, როგორც უგულავას მხარდამჭერები, ასევე ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები. ამ დროისათვის საგამოძიებო სამსახურთან სიმშვიდეა, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

კომენტარები