ირაკლი ალასანიას ინტერვიუ

ალასანია: ტრაგედია არაა, რომ ზოგი დეპუტატი ადეკვატურად ვერ აღიქვამს საფრთხეებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ტრაგიკული არაფერია იმაში, თუ უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას ადეკვატურად ვერ აღიქვამს. ამასთან, როგორც ალასანიამ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა, მთავრობა საგარეო კურსის საკითხზე ერთიანია.

"ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო NATO-სა და ევროკავშირის წევრი გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის დამოკიდებულება და შეფასებები სხვანაირია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე კოალიციაში განხეთქილებაა. ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ზოგიერთი დეპუტატი ვერ აღიქვამს ადეკვატურად ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს და NATO-სა და ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის მნიშვნელობას", - განაცხადა ალასანიამ  და აღნიშნა, რომ ქვეყნის არჩეული გზა შეუვალია და მასზე ვერაფერი იმოქმედებს.

"ივნისში ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას. სექტემბერში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე კი, მინდა, ფრთხილი ოპტიმიზმით გითხრათ, საქართველო უფრო მიუახლოვდება NATO-ს და ეს მოხდება არა დეკლარირებულად, არამედ ინსტიტუციურად და სამხედრო-ტექნიკურადაც. ქვეყნის არჩეული გზა შეუვალია და ამაზე ვერაფერი იმოქმედებს, მათ შორის – ვერც რუსეთის რიტორიკა", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები