ადმინისტრაციული სახდელი

შსს ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის 4-თვემდე გაზრდას ითხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის 4-თვემდე გაზრდას ითხოვს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

ამჯერად, ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადად განსაზღვრულია არა უგვიანეს ორი თვე, სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან. შსს კი, აღნიშნული ვადის 4-თვემდე გაზრდის ინიციატივით გამოდის. უწყების შეფასებით, 4 თვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სამართალდამრღვევი პირი პასუხისმგებლობის მიღმა არ დარჩეს.

"ადმინისტრაციული სახდელი პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენის აცილების მიზნით. მიგვაჩნია, რომ სამართალდარღვევის დღიდან სახდელის დადების 2-თვიანი ვადა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დამრღვევმა მის მიერ ჩადენილ დარღვევაზე ადმინისტრაციული წესით პასუხი აგოს, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მცირე ვადის გამო, პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომისგან თავისუფლდება" - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში და აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული სახდელის 2-თვიანი ვადა ხშირ შემთხვევაში გადის ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში ხანგრძლივი წარმოების გამო, ასევე, ხშირია სამართალდამრღვევის მიერ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვების ფაქტები.

"ასეთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევის დაკავება ძირითადად ხდება სწორედ 2-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც შეუძლებელია სახდელის ზომის გამოყენება და სამართალდამრღვევი პირი სახდელდაუდებელი რჩება", - განმარტავს შსს.

კომენტარები