პატიმრობის კოდექსი

პატიმრობის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა

http://www.mcla.gov.ge/

პატიმრობის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მსჯავრდებულები გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და გაზრდილი უფლებებით ისარგებლებენ. პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებები 3 მაისიდან ამოქმედდა.

ცვლილებების თანახმად, დაზუსტდა ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების წესები. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ადმინისტრაციას უფლება აქვს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ან სხვა პირთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი. კერძოდ, ელექტრონული მეთვალყურეობის ან/და აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციელებისას, ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებულები/მსჯავრდებულები გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

კოდექსის მიხედვით, შეიქმნება ორი ახალი ტიპის დაწესებულება, მსჯავრდებულები საშიშროების რისკის მიხედვით ოთხი სხვადასხვა ტიპის დაბალი, ნახევრად ღია, დახურული და განსაკუთრებული ტიპის დაწესებულებაში გადანაწილდებიან. რისკების შეფასება და მათ მუდმივ გადაფასებას უზრუნველყოფს საამისოდ შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდი.

დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსდებიან ყველაზე ნაკლებად საშიში მსჯავრდებულები. მათთვის სავალდებულო იქნება სწავლა და შრომა. ისინი ისარგებლებენ ხანგრძლივი, ხანმოკლე პაემნებისა და სატელეფონო საუბრების გაზრდილი ოდენობით. რაც შეეხება განსაკუთრებული რისკის დაწესებულებას, აქ განთავსდებიან ყველაზე საშიში და განსაკუთრებული რისკის მატარებელი მსჯავრდებულები, რომლებიც ვერ ისარგებლებენ ხანგრძლივი პაემნით და ვიდეოპაემნით, ფულადი გზავნილის გაგზავნისა და შრომითი უზრუნველყოფის უფლებით, ასევე დაწესებულების დროებით დატოვების უფლებით, გარდა ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევისა. მათ ექნებათ მინიმალური რაოდენობის სატელეფონო საუბრები და ხანმოკლე პაემნები.

დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სახელწოდება ეცვლება და სარეაბილიტაციო დაწესებულებად გარდაიქმნება არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულები არაერთი სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამით ისარგებლებენ, სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრების, ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნის რაოდენობა, ასევე ფართოვდება წახალისების ფორმები, კერძოდ, მათ შეიძლება ამანათით ან ფოსტით მიიღონ ისეთი ნივთების, ნივთიერებები და ნაკეთობები, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ჩვეულებრივ არ აქვს, თუმცა ისინი აკრძალული არაა. წახალისების ფორმით მათ ასევე მიეცემათ კომპიუტერული თამაშებითა და ვიდეოაუდიოსაშაუალებებით სარგებლობის უფლება.
ცვლილების თანახმად დაინერგა ახალი ტიპის სპეციალური საშუალებები, ასევე დეტალურად გაიწერა მათი გამოყენების გარემოებები და საფუძვლები.

ამ საშუალებების გამოყენების უფლება გააჩნია სისტემის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება. გამოყენებული სპეციალური საშუალება უნდა იყოს წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული და ღონისძიების ადრესატს კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს. დეტალური რეგულაციები კანონქვემდებარე აქტით - მინისტრის ბრძანებით გაიწერება. სპეციალური საშუალებების გამოყენების ახალი რეგულაციები ამოქმედდება 2014 წლის 1 აგვისტოდან, შესაბამისი ბრძანებების გამოცემისა და პერსონალის გადამზადების შემდეგ.

2.5 კვ.მ-დან მინიმუმ 4 კვ.მ-მდე იზრდება ერთი მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართის საერთო სტანდარტი.
ღია დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნების და ხანმოკლე პაემნების რაოდენობის ზრდასთან ერთად ფართოვდება მნახველთა წრე. მსჯავრდებულებს წერილობითი თხოვნის საფუძველზე, კანონით აქამდე განსაზღვრული პირთა წრის გარდა, ხანმოკლე პაემნით სარგებლობას შეძლებს მსჯავრდებულის დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, პირი, რომელთანაც მსჯავრდებულს საერთო შვილი ჰყავს, ასევე პირი, რომელთანაც ეწეოდა საერთო მეურნეობას 1 წლამდე ვადით.

რაც შეეხება ხანგრძლივ და საოჯახო პაემანს, მნახველთა წრეს დაემატა გერი, შვილიშვილი, პირი, რომელთანაც მსჯავრდებულს საერთო შვილი ჰყავს, ასევე ბებია და პაპა.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ამ წრის მიღმა მყოფ პირთან ხანმოკლე ან საოჯახო პაემნის უფლება, დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით. ყველა მსჯავრდებულისთვის დაშვებული გახდა ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება.

შემცირდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანის შესახებ შეტყობინების ვადა. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიღებისთანავე ან არაუგვიანეს ერთი დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს, ახლო ნათესავს ან ადვოკატს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მითითებულ პირს. მსჯავრდებულის განთავსების შესახებ შეტყობინების ვადა, კანონის ძველი რედაქციის მიხედვით, სამი დღე იყო.

განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული აანაზღაურებს გაწეული მკურნალობის ხარჯებს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების 7-კაციან მუდმივმოქმედ კომისიაში სამინისტროს სამის ნაცვლად, 2 წარმომადგენელი ეყოლება და ერთ ადგილს ზოგადსაგანმანათლებლო ან აკადემიური წრეების წარმომადგენელს დაუთმობს.

პატიმრობის კოდექსში გაიწერა სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოს თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებიც. კერძოდ, სახელმწიფო დაზღვევა, ხელფასზე დანამატი ნამსახურევი წლებისათვის, სასურსათო ულუფის კომპენსაცია და სახელმწიფოს სპეციალური წოდებისთვის დადგენილი დანამატი. სისტემის ორგანოს მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია)2015 წლის 1 იანვრიდან გაუთანაბრდება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების პენსიას. აღნიშნული კომპენსაცია შეწყვეტილი იყო 2010 წლიდან.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიწყო და სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულნი იყვნენ სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და ევროპის საბჭოს ექსპერტები, სახალხო დამცველი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მრავალჯერადი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად მიღებულ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და რეკომენდაცია.

პატიმრობის კოდექსის ცვლილებები 89 ხმით არც ერთი წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა 16 აპრილს დაამტკიცა.

კომენტარები