იმედის ფესტივალი

საპატრიარქო: თბილისში დაგეგმილ "იმედის ფესტივალთან" კავშირი არ გვაქვს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო, 6-8 ივნისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ "იმედის ფესტივალთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს თქმით, ღირსი ბილი გრემის ჩამოსვლასთან მას კავშირი არ აქვს.

"მასმედიისა და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოჰყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს.

როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრიმის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იმედის ფესტივალს უმსხვილესი ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის - ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის "სამარიტელთა ქისა" (Samaritan´s Purse) პრეზიდენტი, - ფრანკლინ გრემი დაესწრება. ბილი გრემი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ფესტივალის ადგილობრივი ორგანიზატორისა, ბილი გრემი არ არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მქადაგებელი, ის ევანგელისტი მქადაგებელია, სამხრეთის ბაპტისტური მიმდინარეობიდან.

კომენტარები