იმედის ფესტივალი

ექსტრემისტები სპორტის სასახლეში დაგეგმილი იმედის ფესტივალის ჩაშლას გეგმავენ

იმედის ფესტივალი
hopefestival.ge

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ექსტრემისტი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა, 6-8 ივნისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილი იმედის ფესტივალის ჩაშლას ”მეგობრებთან ერთად” შეეცდება. 

"მე ყველას ვურჩევ, რომ ეს ფესტივალი საქართველოში არ ჩატარდეს. მე ამას ხელს შევუშლი, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. არავის არ ვერჩი, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ ვინც იქ შევა, ის იქნება მართლმადიდებლობის მოღალატე ადამიანი. ჩვენ მოვაწყობთ "სირცხვილის კორიდორს" და ყველას მოვუწოდებთ, რომ "იმედის ფესტივალს" არ დაესწრონ", - აცხადებს გაბედავა.

იმედის ფესტივალს უმსხვილესი ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის - ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "სამარიტელთა ქისის" (Samaritan´s Purse) პრეზიდენტი - ფრანკლინ გრემი დაესწრება. ფრანგკლინ გრემის მამა, ბილი გრემი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური ლიდერია. 

იმედის ფესტივალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც, მათი თქმით, ღირსი ბილი გრემის ჩამოსვლასთან მათ კავშირი არ აქვთ. 

"მასმედიისა და ბილბორდების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, სპორტის სასახლეში ა.წ. 6-8 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ორმოცდაათიანელთა რელიგიური ორგანიზაცია ატარებს და ჩამოჰყავთ ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის ცნობილი მქადაგებლის, ბილი გრემის შვილი, ფრანკლინი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება არასწორი აზრი, თითქოს აღნიშნული ფესტივალის ერთ-ერთი ინიციატორი არის საქართველოს საპატრიარქო, რაც მრევლში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს.

როგორც აღვნიშნეთ, ღირსი ფრანკლინ გრიმის ჩამოსვლა არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მიერ მოწყობილი და ამ ღონისძიებასთან საქართველოს საპატრიარქოს კავშირი არ აქვს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ფესტივალის ადგილობრივი ორგანიზატორისა, ბილი გრემი არ არის ორმოცდაათიანელთა რელიგიური მიმდინარეობის მქადაგებელი, ის ევანგელისტი მქადაგებელია, სამხრეთის ბაპტისტური მიმდინარეობიდან.

 

კომენტარები