მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ხიდაშელი: მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, "მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს". როგორც ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს.

"მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არანაირი ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ჯდებოდეს ციხეში. მარიხუანა ხომ საერთოდ, ცალკე საკითხია.. ეს არ ეხება უკაცრავად ჟარგონისთვის და ბარიგებს. ჩემი პირადი ფილოსოფიით, სამართლებრივი პოზიციით არავითარი ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს" - განაცხადა ხიდაშელმა და დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ თავად კანონს ვერ შეცვლის. რეპლიკაზე, რომ მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას ბევრი დეპუტატი ემხრობა, ხიდაშელმა უპასუხა, რომ "ბევრი დეპუტატი თუ თვლის ასე, შევცვალოთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ბევრი დეპუტატი ემხრობოდეს".

მისივე ინფორმაციით, ამნისტიის შესახებ კანონის განხილვისას, ნარკოტიკის მომხმარებლების სასჯელისგან გათავისუფლებას დეპუტატები მხარს არ უჭერდნენ.

"ამ მუხლზე ძალიან დიდ ხანს გავიჭედეთ" - დასძინა ხიდაშელმა. 

ცნობისთვის, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, საქართველოს ექვს ქალაქში დღეს აქციები გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის ციხეში ჩასმა დაუშვებელია. ისინი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მოძრაობა 2 ივნისის წევრები მთავრობას იმ დაპირების შესრულებას სთხოვენ, რომელიც ნარკოპოლიტიკის გადახედვას გულისხმობს.

ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მარიხუანის მოხმარებისთვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელი აღარ იქნება. ამასთან, როგორც სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, შეიცვლება სააფთიაქო ნარკომანიისადმი "არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც". სერგეენკო აღნიშნავს, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში ნარკოსტრატეგიასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს წარმოადგენს.

კომენტარები