რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

დოლიძე: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რომელი ე.წ. ქოლგის ქვეშ დაიწყო ძიება?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, უმჯობესი იქნება, რუსეთმა საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც 2008 წლის 12 სექტემბრის 6-პუნქტიან შეთანხმებას, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება". დოლიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილზე, დავით კეზერაშვილსა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე რუსეთმა შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. 

“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რომელი ე.წ. ქოლგის ქვეშ დაიწყო ძიება? გაერომ, ეუთო-მ, თუ ვინ მისცა მანდატი, როცა გამოძიება დაიწყო? ასეთი მანდატი არავის მიუცია. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ საერთაშორისო სამართალს. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო სამართალს, მის პრინციპებს, ურყევ ნორმებს შელახავს, იქნება კონტექსტის მიღმა. თუკი რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, დემოკრატიული პრინციპებისა და ნორმების ურყევ შესრულებას შეუდგება და ერთხელ და სამუდამოდ გვექნება მათთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობა, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებით, მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით”, - აღნიშნავს დოლიძე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, მოსკოვი არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე. მისი თქმით, "გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას". როგორც იტარ-ტასს ვლადიმერ მარკინმა უთხრა, სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.

კომენტარები