მედიაზე ზეწოლა

MDF ტვ25-ის ჟურნალისტის მიმართ დეპუტატის მუქარას მედიაზე ზეწოლად აფასებს

მედიის განვითარების ფონდი (MDF) ტვ25-ის ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის, მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს ზეწოლად აფასებს და შეშფოთებას გამოთქვამს ქართული ოცნების დეპუტატის, მედეა ვასაძის, საქციელის გამო. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია ხელისუფლების უმაღლესი პირის მხრიდან ზოგადად ჟურნალისტთან ამ სახით კომუნიკაცია, სამრთლადამცავ სტუქტურებში ჩივილით დამუქრება და მით უმეტეს, მისი პირადი ცხოვრების დეტალებით სპეკულაციური  დაინტერესება, რაც ჟურნალისტის  დაშანტაჟების მცდელობას წარმოადგენს.

"ჟურნალისტის, ისევე როგორც ნებისმიერი ინდივიდის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მაღალი თანამდებობის პირი კარგად უნდა აცნობიერებდეს იმ ზღვარს, რომელიც კერძო და საჯარო სფეროს შორის არსებობს" - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი. 

MDF მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და ფრაქცია ქარტულ ოცნებას, რომ რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ინციდენტზე და საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტის მიმართ მუქარის ამ მცდელობას. 

შეგახსენებთ, ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. 

კომენტარები