საგანელიძე: კანდიდატებზე ზეწოლის 76 შემთხვევა ენმ-მ გაითამაშა

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის 76 შემთხვევა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაითამაშა. ამის შესახებ საგანელიძემ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ სხდომა მთლიანად არჩევნების თემას ეხებოდა. მისივე განცხადებით, დღეს განიხილეს რეგიონებში წინასაარჩევნო ვითარება.

“ვისაუბრეთ, თუ რა პრობლემებია და სად არის საჭირო ცენტრალური შტაბის ჩარევა. საარჩევნო სუბიექტების მხრიდან კანდიდატურის მოხსნის ოთხი შემთხვევა დადასტურდა, 76 კი - არა”, - აღნიშნა დავით საგანელიძემ და დასძინა, რომ 76 შემთხვევა, რომელიც არ დადასტურდა, ნაციონალურმა მოძრაობამ გაითამაშა.

“ყველამ უნდა იბრძოლოს წესიერი ფორმით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი შემთხვევა გათამაშებული იყო, თუმცა ოთხი დადასტურდა, 76 შემთხვევაში კი ვიცი, რასაც ჰქონდა ადგილი. წინასასარჩევნოდ კარგად ვიცი, ნაციონალური მოძრაობის წევრები რას აკეთებდნენ წლების განმავლობაში და რას გააკეთებენ დღესაც”, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 80-დან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა არ დაადასტურეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ. მთავარი პროკურატურის განმარტებით, უწყებამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია. აქედან, ოთხ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას. პროკურატურა აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, რომელთა შორის იყვნენ არა მხოლოდ შესაძლო ზეწოლის მსხვერპლები, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდა რაიმე ინფორმაცია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები რამდენიმე კვირაა საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი კანდიდატები კანდიდატურებს ხსნიან და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ზეწოლის გამო ამბობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეორე შუალედური დასკვნის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, სავარაუდო ზეწოლის გამო, კანდიდატურა 52-მა კანდიდატმა მოხსნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით კი, 30-ზე მეტმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო მოხსნა. NDI-ის ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატმა თქვა. ხოლო საიას ცნობით, ასეთი 527 ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები