ოკუპირებული ტერიტორიები

ბოკერია: აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა ქართველების მდგომარეობას დაამძიმებს

გიგა ბოკერიას მიიჩნევს, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების აფხაზური პასპორტების ბათილად გამოცხადება მათ კიდევ უფრო დაუცველს გახდის და მომავალში მეტ საფრთხეს შეუქმნის. ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა ურთოერთიბის მდივანი ამბობს, რომ მოცემულ ვითარებაში აუცილებელია, ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოახდინოს და რისკების შესამცირებლად ყველა ლეგიტიმური და მშვიდობიანი რესურსი გამოიყენოს.

"ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ყველა მოქალაქის მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მაგრამ ყველაზე მძიმეა ქართველების მდგომარეობა აფხაზეთში, იმიტომ რომ საოკუპაციო რეჟიმი მათ ეპყრობა როგორც მესამეხარისხოვან ადამიანებს, რომელთაც არანაირი უფლება არ აქვთ. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ ყველა დოკუმენტს, რომელიც იქ არის გაცემული, მათ შორის პასპორტებს, ეს ფაქტი იმ მოვლენების ფონზე, რაც აფხაზეთში მოხდა, არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ადამიანების უფრო მეტად დაუცველ მდგომარეობაში დატოვებისა კიდევ უფრო დიდი საფრთხეებით მომავალში. ხელისუფლების საქმე უნდა იყოს საკითხების ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და ყველა ლეგიტიმური და მშვიდობიანი რესურსის გამოყენება, რათა შეამციროს რისკები," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის დარიგებული აფხაზური პასპორტები ბათილად გამოცხადდება და ისინი მომავალ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღებენ - ამის შესახებ 12 ივნისს აფხაზეთში მოქმედი სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა, მარიონეტული რეჟიმის ყოფილმა პრემიერმა და ვიცეპრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილია, რომ გალის, ოჩამჩირესა და ტყვარჩელის რაიონებში 26 ათასამდე პასპორტი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კანონების დარღვევით არის გაცემული, რადგან საქართველოს მოქალაქეებს აფხაზური მოქალაქეობის მიღების უფლება არ გააჩნიათ, და ამიტომაც ეს პასპორტები ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს. ხაჯიმბას განცხადებით, ქართველებმა აფხაზეთში კვლავაც უნდა იცხოვრონ, თუმცა, მათი სტატუსი „სამართლებრივად უნდა დადგინდეს“.

ოპოზიციის ზეწოლით დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი 1 ივნისს გადადგა, ვადამდელი არჩევნები მარიონეტულმა რეჟიმმა აგვისტოში დანიშნა. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ანქვაბის წინააღმდეგ ეთნიკურ ქართველებზე პასპორტების დარიგება გახდა. 

კომენტარები