შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღე

შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს ორი თავი ეთმობა. ესენია: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები საქართველოში" და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში". 

"ანგარიში განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას იძენს 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირების ფონზე, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 12 აპრილს. გაეროს 2006 წლის კონვენციის დებულებების თანახმად, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიესალმება კონვენციის რატიფიცირების ფაქტს და მზადაა უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგი, დაცვა და პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით, რათა ერთობლივი ძალისხმევით გახდეს შესაძლებელი ქვეყანაში კონვენციის წარმატებული იმპლემენტაცია. სახალხო დამცველი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალებას მისცემს ინდივიდუალურ უფლება-დარღვევებზე მიმართონ გაეროს შესაბამის კომიტეტს" - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი და მოუწოდებს პარლამენტს, მოახდინოს ზემოაღნიშნული ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად.

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის (ჩართულობის) ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობის წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა.

კომენტარები