ჟვანია: სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ქმედებებს ვსწავლობთ

pirveliradio.ge

სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბნის კომისიის წევრების ქმედებებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, თუ კომისიის წევრების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დადასტურდა, შესაბამისი სანქციები უნდა გაიცეს.

"საარჩევნო კომისიის წევრების ქმედებებს სწავლობს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომისიის წევრების მიერ იყო გადაცდომები ჩადენილი, და მე რაც ვნახე, იქ ერთ-ერთი მამაკაცი, სავარაუდოდ თავმჯდომარე, მეგრულად ამბობს - "ეს არ შეიძლება", უნდა დადგინდეს - რა გაკეთდა ისეთი, რაც არ შეიძლება და შესაბამისი სანქციები გაიცეს", - განაცხადა ჟვანიამ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა ნორა თოდუა ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენის ჩვენებას სთხოვს. ენმ-ის ინფორმაციით, ვიდეომასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის 97-ე უბანზეა გადაღებული, სადაც ნორა თოდუა საარჩევნო კომისიის წევრი იყო და "პირადად აკონტროლებდა, რომელ ნომერს ხაზავდა უბანზე მისული ამომრჩეველი".

"ამ საარჩევნო უბანზე მრავლად ჰქონდა ადგილი. დავით ნარმანიას დედა, ქალბატონი ნორა ამ მეთოდით აკონტროლებდა ამ უბანზე მოსულ ამომრჩეველს, რომ მათ მიეცა ხმა ქართული ოცნებისთვის. ეს წარმოადგენს კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რომელიც მისთვის - საუბნო კომისიის წევრისთვის, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა, მინიმუმ ჯარიმას ითვალისწინებს. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი დარღვევა დავაფიქსირეთ. არ დარჩენილა ოლქი, სადაც არ დაგვიფიქსირებია დარღვევა, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და ვფიქრობთ, რომ ცესკო ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად იმსჯელებს" - განაცხადა პარტიის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები