თბილისის საკრებულო

დეპუტატის დაკითხვის გამო, ენმ-ის წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოს სხდომა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ირაკლი აბესაძის განცხადებით, მისი ფრაქციის წევრები ორი მიზეზის გამო არ მიიღებენ სხდომის მუშაობაში მონაწილეობას. აბესაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს დეპუტატმა ლევან მხეიძემ საგამოძიებო სამსახურის შენობა უკვე დატოვა, ისინი არ აპირებენ სხდომაზე დარჩენას. როგორც აბესაძე აღნიშნავს, მათთვის მიუღებელია, რომ საკრებულოს წევრს სწორედ სხდომის დღეებში დასაკითხად იბარებენ, რაზეც პროტესტი არაერთხელ უშედეგოდ გამოთქვეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმითვე, მისი ფრაქციისთვის ასევე მიუღებელია, რომ საკრებულოს უმრავლესობა თანამდებობებზე დასამტკიცებელი კანდიდატების ვინაობას სხდომის დაწყებამდე არ ახმაურებს. 

თბილისის საკრებულოში ამ წუთებში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, ასევე 11 კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები უნდა დაამტკიცონ. 

ამასთან, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიის ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებს კითხავს. უკვე დაკითხეს ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი და დიდუბის ყოფილი გამგებელი ლევან მხეიძე. მხეიძე, რომელი ასევე ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატია, მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოების შესახებ დაკითხეს. მისი შეფასებით, "ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის და ძალაუფლების დემონსტრირება საგამოძიებო სამსახურის მხრიდან". ლევან მხეიძე აღნიშნავს, რომ ის დაკითხეს 2012 წლის პერიოდზე, როდესაც უწყებაში არ მუშაობდა.

ისნის გამგებლის თორნიკე ხუციშვილის თქმით კი, "დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საგამოძიებო სამსახურში დაკითხვები დაანონსებული ცხელი ზაფხულის შედეგებია, რასაც რაიმე სამართლებრივთან კავშირი არ აქვს". როგორც მან აღნიშნა, ფორმალური ხასიათის შეკითხვები დაუსვეს. 

"ისეთი საკითხებზე მომიწია პასუხის გაცემა, რაც ჩემს ვალდებულებებში არ შედიოდა. აინტერესებდათ, მე, როგორც მთავრობის წევრს, მაქვს თუ არა ამა თუ იმ მთავრობის სხდომაში მონაწილეობა მიღებული, მაქვს თუ არა რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული სამეთვალყურეო საბჭოებთან დაკავშირებით. ზოგადი შინარსიის საკითხები იყო დაყენებული, რაზეც ინფორმაცია ვერ მექნებოდა", - განაცხადა თორნიკე ხუციშვილმა. 

საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში ხათუნა ბერძენიშვილს კითხავენ. ასევე, დაკითხვაზე არიან დაბარებულები თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ცენტერაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ბაჩო დოლიძე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვალერი დადიანიძე, თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლალი კოზმავა და მისი მოადგილე ქეთი აბდუშელიშვილი, შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი ლექსო თაბუაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებზე მუხიანის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. 

კომენტარები