გახმაურებული საქმეები

პრემიერი: არც ერთი გახმაურებული საქმის გამოძიებაზე არ უნდა დარჩეს კითხვები

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება ეჭვს იწვევდეს, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი". ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა და განმარტა, სწორედ ამის უზრუნველსაყოფად მოიწვიეს საქართველოში სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები.

"დღეს საქართველო განვითარების თვისებრივად ახალ ფაზაში შედის და დადგა დრო, როცა ყველამ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სახელმწიფოზე, მის მომავალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მის მომავალს წინ არ უნდა დაუდგეს არაფერი. ჩვენ უნდა დავიწყოთ რთული წლების იარების მოშუშება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე აპირებს თვალი დახუჭოს დანაშაულზე ან უარი თქვას ყველა იმ საქმის გამოძიებაზე, რომლითაც ზიანი მიადგა ხალხს და სახელმწიფოს. ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება იმის ეჭვს იწვევდეს, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების კეთილი ნებით საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ ცნობილი და მსგავსი გახმაურებული საქმეების გამოძიების მონაწილე სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტები. ისინი მოვიწვიეთ იმისთვის, რომ დახმარება გაუწიონ ქართველ პროკურორებს, რათა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს გამოძიება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაც. დარწმუნებული ვარ, მათი მონაწილეობა გაზრდის პროცესის სანდოობას და გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხალხი ენდობოდეს გამოძიებას. 

"ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი და, თუ გნებავთ, პოლიტიკური ნებაც! მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობა იქნება მტკიცე თავის გადაწყვეტილებებში და, ამავე დროს, სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურასა და უცხოელ სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტებს შორის მიღწეული შეთანხმებით, შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს სამართლის სფეროში არსებულ მსოფლიო პრაქტიკას და გამოცდილებას გაუზიარებს. საქართველოს პროკურატურის შეფასებით, "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პროკურატურის ახალ, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას".

მთავარი პროკურატურის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდნენ იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "დღევანდელი პროკურატურის ამოცანა იმ კრიტიკის განეიტრალებაა, რაც ამ მთავრობას დამსახურებულად ერგო საერთაშორისო ასპარეზზე". პარტია სისხლის სამართლის პრაქტიკოსი უცხოელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს, შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ამასთან, საპარლამენტო ოპოზიცია კითხვას სვამს: რა დაუჯდა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა ბიუჯეტს. პარტია იქვე აღნიშნავს, რომ "ვერანაირი კონსულტანტები ვერ უშველიან იმ ფაქტს, რომ პროკურატურის ქმედებებისა და ბრალდებების მთავარი მოტივი არის პოლიტიკური დევნა, მტკიცებულებები შეთითხნილია ივანიშვილის მითითებით, ისევე როგორც პროკურატურის ქმედებებია ნაკარნახები".

კომენტარები