რამაზან-ბაირამი

პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ტოლერანტობა სამაგალითო იყოს

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზანის თვის დასრულება და რამაზანის დღესასწაულის დადგომა წინასწარ მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მუსლიმებს გუშინ უმასპინძლა.

“დასრულდა რამაზანის თვე. მე ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს წმინდა თვე თითოეული მუსლიმისთვის. ვიცი, რომ ამ დროს თქვენ განსაკუთრებული მონდომებით ასრულებთ ღვთისმსახურებებს, ეხმარებით უმწეოებს, ავადმყოფებს, ობლებს, და ეს ძალიან დიდი მადლია. 
ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, და სწორედ ეს განსხვავებულობაა ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენი ცხოვრება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, რადგან ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. საქართველოში მცხოვრები მუსლიმები არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხართ, არამედ თქვენ ხართ ხიდი ისლამურ სამყაროსთან, რაც გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობა, ტოლერანტობა იყოს სამაგალითო. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ტოლერანტობით, შემწყნარებლობით, ეს არის ის, რაც გვასწავლეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ემსახურება საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარებას, მის პატივისცემას”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა. 

გუშინდელ შეხვედრაზე, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ და მას მადლობა გადაუხადა.

"ის, რაც არ გაუკეთებია დავით აღმაშენებელს, მართლაც თქვენ შეძელით, ბატონო პრემიერო, და ღმერთმა დაგლოცოთ. მართლაც, საქართველო არის ტოლერანტული, არასდროს ყოფილა აღმსარებლობით, რელიგიური მხრივ დაპირისპირება, თუ ეს არ იყო სხვა ძალების ანუ უცხოეთის მხრიდან წარმოშობილი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთი სისხლი, ერთი ხორცი, ერთი ქვეყნის შვილები. მაქსიმალურად თითოეული მორწმუნის ვალია, რომ ავაშენოთ ჩვენი სამშობლო და ქვეყანა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ", - მიმართა მუფთმა პრემიერს.

რამაზანის თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. რამაზანის მარხვა წელს 28 ივნისს დაიწყო და დღეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულით დასრულდა.

კომენტარები