მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილი 7 ნოემბერს „გადამწყვეტ“ მოქმედებებს მოითხოვდა

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს ბიძინა ივანიშვილი "უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე" იყო.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ყოფილი ხელისუფლების ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „მან სცადა ჩვენთვის პირდაპირ შემოეთავაზებინა ფული", რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ კი იძულებული იყო დაეფინანსებინა სხვადასხვა პროექტები „ჩვენი დაჟინებული მოთხვნით და, ალბათ, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად".

რაც შეეხება ივანიშვილის რჩევებს ხელისუფლებისთვის 2007 წლის ნოემბერში, სააკაშვილის თქმით, „რამდენადაც ვიხსენებ, ის იყო უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე. უფრო მეტიც, ვანოს ურჩევდა ყველანაირ ხრიკებს პატარკაციშვილის წინააღმდეგ და ვანოსთვის ეს საინტერესო იყო, იმიტომ რომ ერთმა რუსმა ოლიგარქმა უკეთესად იცოდა მეორის ჩვევები. ისინი იყვნენ მტრები და ივანიშვილი მზად იყო წასულიყო ბოლომდე".

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილიც და პატარკაციშვილიც რუსეთის გეგმით მოქმედებდნენ, თუმცა ივანიშვილი "უკეთესად იყო შენიღბული".

"ილუზიები არ მქონდა მის ფასეულობებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც რუსეთის მიმართ მართლაც მონური დამოკიდებულება აქვს და ამას ღიადაც ავლენდა...", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, „ჩვენ გვქონდა ოთხი ნაღმი - აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, პატარკაციშვილი და ივანიშვილი". მისი განცხადებით, მან იცოდა ორივე ოლიგარქის მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ, თუმცა, მათ წინააღმდეგ პრევენციული ზომები არ მიუღია.

კომენტარები