თბილისის საკრებულო

აბესაძე: გია ჩივიაშვილი მსჯავრდებული იყო თანხების გაფლანგვისთვის

timer.ge

დედაქალაქის საკრებულოს ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ სოციალური სამსახურის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილი კანდიდატი გია ჩივიაშვილი თავის დროზე მსჯავრდებული იყო სწორედ სოციალურად დაუცველი პირების დაზღვევისთვის გათვალისწინებული თანხების გაფლანგვეში.

"ძალიან სამწუხაროა, რომ კანდიდატების უმრავლესობა არ იცნობს საარჩევნო პროგრამას, კითხვებზე პასუხის გაცემა უწევდა თბილისის მერ დავით ნარმანიას. სამწუხაროა, რომ სოციალური სამასახურის საქალაქო სამსახურის უფროსად წარმოდგენილია კანდიდატურა, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებული იყო სწორედ სოციალურად დაუცველი პირების დაზღვევისათვის გათვალისწინებული თანხების გაფლანგვაში. ასევე სამწუხაროა, რომ თბილისის ვიცემერის კანდიდატად წარდგენილია ალექსანდრე მარგიშვილი. ის არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებით, რაც მას საშუალებას არ აძლევს, იყოს თბილისელების ვიცემერი, ის მხოლოდ "ქართული ოცნების" სამსახურში თუ იქნება", - განაცხადა აბესაძემ.

საპასუხოდ, ჩივიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და ირაკლი აბესაძეს ფაქტობრივი მასალა გადასცა შესასწავლად.

”2011 წელს ნამდვილად მოხდა ჩემი და ჩემი მეგობრების უკანონო დაკავება, ოღონდ ეს იყო არა სოციალური თანხების გაფლანგვაზე, არამედ სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებულ საქმეზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2012 წლის თებერვლის თვეში სტუდია მონიტორმა მოიკვლია ეს ფაქტობრივი მასალა. წამოღებული მაქვს ეს მასალა, რომ გადავცე ბატონ ირაკლის [აბესაძეს]. მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და მისი მოადგილე ფაქტობრივად აღიარებდნენ, რომ ჩვენი დაკავება იყო უკანონო. ჩვენ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ გვქონია. ნებისმიერ დროს, როცა ბატონი ირაკლი გაეცნობა აღნიშნულ მასალას, ნახავს, რომ ბრალი, რაც ჩვენ წაგვიყენეს ფაქტობრივად სასამართლოს დადგენილებაში, არ არის ჩვენი ფუნქცია და არც არასდროს ყოფილა ჩვენი ფუნქცია”, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

კომენტარები