უგულავას განცხადება

უგულავა: სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებზე სწორედ ახლა ვიმყოფები

„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებს ვიტარებდი, სრული სიცრუეა და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგონილ ტყუილს წარმოადგენს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე როგორც შხამი ედება ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ივანიშვილის პროკურატურა უკვე დაეჩვია ნახევრად სიმართლის სიმართლედ და დაუჯერებელი ტყუილებით იაფფასიანი პროპაგანდის წარმოებას. ეს სიცრუე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაავრცელეს მაშინდელმა დეპუტატებმა და ამჟამინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ქ-ნმა ირინა იმერლიშვილმა. მე მას მაშინვე ვუპასუხე, რომ საბუთებში, რომელიც მან ააფრიალა, რამდენიმე უზუსტობა იყო, კერძოდ, ჩემი სახელის და გვარის ქვემოთ მითთებული იყო აშშ მისამართი, ასევე საერთოდ სხვა პირების გვარები, - წერს უგულავა, - სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მე მართლაც ჩავედი სტუმრად, ერთ ან ორი ღამით, პრეზიდენტთან, რადგან ინსბურკში რამდენიმე მნიშვნელოვან ინვესტორთან შეხვედრა იგეგმებოდა. მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდით შემიძლია, ვიმსჯელო მთლიანად ამ ბრალის შემადგენლობაზე და სამართლიანობაზე. ასე რომ, ქვითრების ქექვით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული. მას ჯერ კიდევ პრემიერობისას სტრასბურგში მიღებაზე დავით ბაქრაძესთან და თინათინ ბოკუჩავასთან საუბრისას წამოსცდა (ეს შეხვედრა და მისი შინაარსი მან გადაცემა პოზიციაშიც ახსნა)“.

როგორც უგულავა აღნიშნავს, სრულიად ცალსახაა, რომ ივანიშვილის სანახაობა გაცვდა, ხალხს პური შემოაკლდა, ხოლო ეს ჟანრის კრიზისი სამწუხაროდ ქვეყნის კრიზისს მოასწავებს.

„ქვეყნის ხელისუბლება კი ამასობაში "ნეტარყუჩობითაა" დაკავებული“, - მიიჩნევს გიგი უგულავა.  

“p.s სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებზე სწორედ, ახლა ვიმყოფები. ნამდვილად ვაპირებ ტყვეობის პერიოდი, მათ შორის წონის დაკლებისთვის გამოვიყენო. ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებები უკვე მაქვს კიდეც. შეგიძლიათ, დანახარჯი ქვითრები სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოიპოვოთ.

გიგი უგულავა 
აბუსერიძე-ტბელის ქ.11 #9 (მატროსოვის ბინადარი)”, - ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დააკავეს. 

4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, უგულავა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე წარდგენილ ბრალში ფიგურირებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებისა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი.

კომენტარები