NATO-საქართველო

ხიდაშელი: MAP-ზე საუბარი რომ არ არის, დიდი ხანია ვიცით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, "არ ვარ ბედნიერი იმით, რომ MAP-ის თემა ამ წუთის მდგომარეობით უელსის სამიტისთვის დახურულია, თუმცა ეს არის რეალობა, რომელიც კარგა ხანია ვიცით". ამის შესახებ ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტაბულას ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელმაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა. კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, "MAP-ზე საუბარი აღარ არის". 

თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა ახლა უნდა იყოს უელსის სამიტიდან ისეთი პაკეტის წამოღება, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური გარანტიების შემქმნელი იქნება.

"არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ MAP-ზე უკეთესს მივიღებთ, ეს გავიარეთ, ეს სპექტაკლი ნანახი გვაქვს. MAP-ზე საუბარი რომ არ არის, ეს ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, უბრალოდ, ბოლო წუთამდე არ ვნებდებოდით და ვცდილობდით, ეს თემა დაბრუნებულიყო დღის წესრიგში. არ არის მისაღები, მაგრამ გასაგებია დღევანდელ შექმნილ ვითარებაში რატომ აღარ არის MAP-ზე საუბარი. ახლა მთავარი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების არის, რომ პაკეტი, რომელსაც წამოვიღებთ უელსის სამიტიდან, იყოს საქართველოს უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური გარანტიების შემქმნელი. MAP-ი ისედაც არ არის კოლექტიური უსაფრთხოების იმ ტიპის ხელშეკრულება, როდესაც შენ გამო, მთელი დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ჯარებს დარაზმავს. თუმცა, მე არ ვაკნინებ მის მნიშვნელობას, ბუნებრივია, არც იმ 2008 წელს მიღებული პაკეტის მნიშვნელობას - პოლიტიკური თვალსაზრისით ის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, დღეს საუბარია უკვე სამხედრო თვალსაზრისით უფრო გაძლიერებული პაკეტის მიღებაზე, ვიდრე ამ წუთის მდგომარეობით აქვს საქართველოს და აქამდე ჰქონია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრემიერის ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბარი, სადაც თითქმის დეტალურად იყო განხილული ამ მხარდაჭერის გეგმა და აბსოლუტური და მაქსიმალური გახსნილობა ამერიკული მხარის მხრიდან, რომ იყვნენ ჩვენი ლობისტები უელსის სამიტზე ამ მიმართულებით მაქსიმალური ბენეფიტის წამოღებისთვის. ვნახოთ, ძალიან რთულია გადაწყვეტილად საუბარი, რომ ის რაც ფურცელზე წერია ან რაზეც იყო საუბარი, იქცევა 100%-იან რეალობად, თუმცა, რისკები ნამდვილად დაბალია, რომ საფრთხე შეექმნას პროექტს", - განაცხადა ხიდაშელმა და საქართველოში თავდაცვითი სისტემების შესაძლო განთავსებაზე ისაუბრა. 

"თავდაცვითი სისტემების განთავსებაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა მივესალმები, თუ ეს არის სიმართლე. ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა, ბოლო სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ბაიდენსა და ღარიბაშვილს შორის, არის დასტური, რომ ამერიკული მხარეც და NATO-ს სხვა ქვეყნებიც მზად არიან, NATO-ს არაწევრ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის სამეზობლოში ცხოვრობენ და მათ შორის ვართ ჩვენც, მაქსიმალურად გაუწიონ დახმარება სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ეს რა ფორმას მიიღებს, ამისთვის არის ის მოლაპარაკებები, რომელიც უელსის სამიტზე უნდა წარიმართოს", - განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები