ე.წ. პოლიციის რეიდები

პრემიერი: მოვუწოდებ პოლიციელებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი. კახეთში სტუმრობისას პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დანერგილი ტერმინი - რეიდი არის მიზანმიმართული, რათა მოქალაქეებს ნეგატიური ასოციაცია გაუჩინონ ბნელ წარსულთან". ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი, ევროპაში აპრობირებული საპოლიციო კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები, რომელთა გატარების სრული უფლება აქვს პოლიციას. 

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად შს სამინისტროს, მინისტრს და მის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ძალიან ეფექტურად ახორციელებენ ამ ღონისძიებებს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციელებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი. მათ აქვთ ამის სრული უფლება კანონით მინიჭებული და ის ისტერიკა, რაც ამ დღეებში გვესმოდა, რა თქმა უნდა, მიმართული იყო პირადად მინისტრის და მთელი სამინისტროს დისკრედიტაციისკენ. პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, ჩვენ არაფრის დამალვა არ გვჭირდება. მთავარია ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა. მოგიწოდებთ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენს ოპონენტებთან საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ ვამბობ თქვენი და ჩვენი მოქალაქეების გასაგონად - სიტუაცია არის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ და არავითარი გაუარესება არ ყოფილა. პირიქით, გვაქვს საგრძნობი კლება და დღეს მიმდინარე ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ იყოს მეტი წესრიგი, დისციპლინა; ბაღებში და სკვერებში, სადაც ბავშვები და დედები დადიან, არ ხდებოდეს ღრეობა, სმა, გინება და ჩხუბი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს პოლიცია მუშაობს აბსოლუტურად ევროპული სტანდარტებით.

"ეს არის უპრეცედენტო. პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მოახდინონ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება. კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენ ვართ აბსოლუტურად უკომპრომისო და არავითარი დათმობა არ იქნება", - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში, გვიან ღამით, თბილისის ქუჩებში, ე.წ. პოლიციის რეიდები მიმდინარეობდა. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პოლიციის მოქმედებების გამო. სამართალდამცველთა ჯგუფები თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდნენ. ისინი სხვადასხვა ადგილას ჯგუფურად გადაადგილდებოდნენ. მოქალაქეთა ნაწილს ჩხრეკის შემდეგ ათვისუფლებდნენ, ნაწილი კი, დიღმის სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში გადაჰყავდათ. 

კომენტარები