რელიგიური დისკრიმინაცია

ომბუდსმენმა მუსლიმურ მედრესესთან მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქობულეთში მდებარე მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან (მედრესე) მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო. ომბუდსმენი გმობს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებას და იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინციდენტი არ გამოიწვევს რელიგიურ ნიადაგზე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.

"ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს მსგავსი ფაქტების პრევენციას. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით. წინამდებარე საკითხთან დაკავშირებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული მოცემულ მომენტში იმყოფება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ხვდება ადგილობრივ მუსლიმებს. საკითხის შესწავლის შედეგები საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მედრესეს მშენებლობას აპროტესტებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მუსლიმები ადგილზე არ ყოფილან, ამიტომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა) მიმდინარეობს. 

კომენტარები