რელიგიური დისკრიმინაცია

ფოფხაძე მედრესესთან მომხდარ ინციდენტზე: ამის უფლება თავს არ უნდა მივცეთ

pirveliradio.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ქობულეთში, მუსლიმურ მედრესესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი დამოკიდებულება განსხვავებული ხედვის და ღირებულებების ადამიანების მიმართ არის საგანგაშო.

"მიმაჩნია, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მსგავსი ურთიერთობების დროს. კარგად მესმის, რომ ყველა ადამიანს უნდა თავისი რწმენა და მსოფლმხედველობა დაიცვას. თუმცა უნდა ესმოდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი დაცვა. ეს არ უნდა მოხდეს სხვისი უფლებების, რწმენის და ღირებულებების შეურაცხყოფის ხარჯზე. იქ რა ფორმით მოხდება, სად დაიდგმება ჯვარი და სად აშენდება ეკლესია, ამას კანონიც არეგულირებს და ადამიანებიც ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. არავინ ზღუდავს არავის იმაში, რომ მოახდინოს თავისი რწმენის დემონსტრირება, მოახდინოს, მაგრამ მაინც ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს არის სახელმწოფოს ვალდებულება, მხარეებს აუხსნას თავის უფლებები და თუ როგორ უნდა მოიქცეს, ასეთ ვითარებაში. ეს ფაქტი არ გვამართლებს ჩვენ. განსხვავებული შეხედულების მიმართ ასეთი ქმედების უფლება თავს არ უნდა მივცეთ. პირველი მეთოდი იქნება არა დასჯითი პოლიტიკა, არამედ უფლებების ახსნა იმ ადამიანებისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ რაღაც არასასურველი ხდება. რელიგიური წინააღმდეგობა არის მსოფლიოს ისტორია, რაღაც წინააღმდეგობა ყოველთვის იქნება. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სამოქალაქო განათლების გაზრდაზე", - განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა მუსლიმური მედრესეს, იგივე სასულიერო სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც მედრესეს მშენებლობას აპროტესტებდნენ, ლერმონტოვის ქუჩაზე ღორი დაკლეს და მისი თავი დაწესებულების შესასვლელში დაკიდეს. მუსლიმები ადგილზე არ ყოფილან, ამიტომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა) მიმდინარეობს. 

კომენტარები