ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

პრემიერი: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საგანგაშო არაფერი არ არის

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საგანგაშო არაფერი არ არის. ამის შესახებ პრემიერმა ტაბულას ჟურნალისტს უთხრა და აღნიშნა, რომ "ამ თემის სპეკულირებას ტაბულა ახდენს". ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ოპონენტების პოლიტიკური დევნა რისკის ქვეშ აყენებს ქართულ დემოკრატიას.

"თქვენ ასეთი დავალება გაქვთ, არავითარი დეპარტამენტის განცხადება, იქ საგანგაშო არაფერი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ, ჩვენ მაქსიმალურად გამჭირვალე ვართ და ძალიან გთხოვთ, ნუ ახდენთ ამ თემის სპეკულირებას, თქვენ ახლა ძალიან ნერვიულობთ, რომ არ მოხდა ამ თემის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის მინიჭება ამ თემაზე. თქვენ დაგავალეს ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა, მაგრამ არაფერი არ მოხდება მაგით", - უთხრა ღარიბაშვილმა ტაბულას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო. ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნის. დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება 13 ივლისს გაავრცელა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ძალას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, განავითარონ არსებული მიღწევები, ითანამშრომლონ ქვეყნის წინსვლისთვის და იზრუნონ მწვავე ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაზე.

ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებები და სისხლისსამართლებრივი ბრალდებები, ასევე ის რისკები, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატის პატივისცემას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები