ჯემალ შელიას საქმე

პროკურატურა ჯემალ შელიას საქმეზე ბრალდებულების გამართლებას გაასაჩივრებს

პროკურატურა 21 წლის ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე ოთხი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

აკაკი გვასალიას, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებს ბრალად ედებოდათ ჯემალ შელიას მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად. გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს გლდანის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ  ლევან კობახიძეს, ჯემალ შელიას, გიგა პავლიაშვილსა და ვაჟა სანთელაძეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა - აკაკი გვასალიამ, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებმა, ჯიხურში მყოფ ლევან კობახიძის დედას ელზა კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების დროს სასტიკად სცემეს ჯემალ შელიას, რომელიც მიღებული დაზიანებებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა.

აკაკი გვასალიას, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებს ბრალი წარედგინათ  სსკ- 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“,  117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 10 წლამდე ვადით. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ოთხივე პირის ბრალდება დაადასტურა სასამართლოში გამოკვლეული თანმიმდევრული და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო - სამედიცინო დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის მტკიცებულებები. მოსამართლე გ. დარახველიძემ წარდგენილ ბრალდებაში ოთხივე პირი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები