ესტაკადა

უგულავა: ესტაკადა მინიმუმ 15-25 მილიონი ლარი დაჯდება და არა 2 მილიონი

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქალაქის ახალ ხელმძღვანელს დავით ნარმანიას სიცრუეში ადანაშულებს. მისი თქმით, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა მინიმუმ 15-25 მილიონი ლარი დაჯდება და არა 2 მილიონი, როგორც დავით ნარმანია აცხადებს.

„ბატონი ნარმანია ამბობს, რომ 2 მილიონი დაჯდება ესტაკადა. ეს არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ეს არის არაკომპეტენტურობა. ამსიგრძე და ასეთი კონსტრუქციის ესტაკადა ვერ დაჯდება 2 მილიონი, მით უმეტეს, ქვემოთ დიდი კოლექტორია. მინიმუმ 15-დან 25 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება ამ ესტაკადის ფასი“, - განაცხადა გიგი უგულავა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.

ცნობილია, რომ ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე აშენდება და ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩაზე კი ორმხრივი მიმოსვლა აღდგება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ესტაკადის ქვეშ მოექცევა. კეთილმოწყობის სამსახურს საპროექტო სამუშაოების დაწყებისთვის უკვე გამოეყო 140 ათასი ლარი. პროექტის ღირებულება კი, თბილისის მერის თქმით, 2 მილიონი ლარია და მისი მშენებლობა 2015 წლისთვის დასრულდება.

კომენტარები