ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

ბოკერია: ევროსაბჭოს რეკომენდაციების იგნორირება საქართველოს ევროპას დააშორებს

ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილი რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

ბოკერიას განცხადებით რეზოლუცია, რა თქმა უნდა, სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ ძალიან საგანგაშოა, რადგან საქართველოს ევროპის მხარდაჭერა ჭირდება, ის კი მას შორდება.

"ეს არის დოკუმენტი, სადაც ყველა ის პრობლემა, რაც ქართული დემოკრატიის წინაშე, ახალი ხელისუფლების და მილიარდერი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ დგას, მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.

პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკური მოტივით სასამართლო სისტემის გამოყენება, აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება დაუსრულებლად, დაუსჯელი ძალადობა, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღება და ასე შემდეგ - დოკუმენტში ყველა ამ პრობლემაზეა საუბარი და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.

ხელისუფლების წარმომადგენლები იმაზე ღელავენ, რომ რაღაც გაიტანეს, თუ ვერ გაიტანეს, მაგრამ ეს კი არ არის არსებითი საკითხი, არსებითია ის, რომ ქვეყანაში ეს პრობლემები არსებობს. და ბუნებრივია თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები, ევროსაბჭო კი ერთ-ერთი ინსტიტუტია ამ სამყაროსი, შეამჩნევენ ამ პრობლემებს.  დოკუმენტი ძალიან მწვავეა და ხელისუფლებამ ძალისხმევა უნდა ჩართოს არა იმ მხრივ, რომ რაიმე დაბლოკოს, არამედ კურსი უნდა შეცვალონ და კონცენტრაცია ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაზე მოახდინონ“ - განაცხადა ბოკერიამ.

 ბოკერიას თქმით არსებობს ქვეყნები იგივე საქართველოს რეგიონში რომელთა მიმართაც ყურადღება და პოლიტიკური მხარდაჭერა არ იყო. ასეთი დამოკიდებულების გაღრმავებით შესაძლოა საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვში მოხვდეს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნის. 

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა.დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღებაზე საკითხი. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა.

კომენტარები