ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

ევროსაბჭო: საქართველოში უფლებადამცველებს და ადვოკატებს თავს ესხმიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დამცველების დაცვასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოც მოხვდა. დოკუმენტის თანახმად, ამ კუთხით საქართველოში სიტუაციის გაუარესების საგანგაშო ნიშნებია.

"ასამბლეა რეზოლუციაში აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანის უფლებების დამცველები თავისუფლად მუშაობენ თავიანთი საქმიანობის ხელისშემწყობ გარემოში. მიუხედავად ამისა, ღრმად შემაშფოთებელია, რომ გარკვეულ წევრ ქვეყნებში უფლებადამცველებს რეპრესიები ხვდებათ, აზერბაიჯანის, რუსეთის და თურქეთის ჩათვლით. რამდენიმე ქვეყანაში სიტუაციის გაუარესების საგანგაშო ნიშნებია, საქართველოს ჩათვლით. კერძოდ, უფლებადამცველებზე საჯარო თავდასხმები, მუქარა, რომ გაავრცელებენ კომპრომატებს მათ წინააღმდეგ, ასევე ადვოკატებზე ფიზიკური თავდასხმები, მათი დაშინება და ზეწოლა, იმ ადვოკატების ჩათვლით, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - წერია რეზოლუციაში.

ასამბლეა მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, თავი შეიკავონ ადამიანის უფლებების დამცველების დაშინებისა და რეპრესიებისგან, კერძოდ, მათზე თავდასხმების, უკანონო დაპატიმრებების და მათი სასამართლო თუ ადმინისტრაციული შევიწროებისგან.

კომენტარები