ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

ღარიბაშვილი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში საგანგაშო არაფერია

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მან ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს მცხეთაში გააკეთა. ღარიბაშვილი რეზოლუციას ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლის მორიგ მცდელობად აფასებს. ამასთან ერთად, პრემიერი თვლის, რომ რეზოლუციის ძირითად ტექსტში მხოლოდ პოზიტივზეა საუბარი.

“მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობა არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მათ გამოხატეს სოლიდარობა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაყენებული საკითხებისადმი. აქ, რეალურად, აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი და მიზანი არ არის. თქვენ თუ ნახეთ რეზოლუციის ძირითადი ტექსტი, იქ საუბარია მხოლოდ პოზიტივზე. სააკაშვილის და ახალაიას თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა ნაციონალური მოძრაობისა, რომ ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებდა ის წლების განმავლობაში”, - ამბობს პრემიერმინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, რეზოლუცია მხოლოდ ცალკეული პარტიების მოსაზრებას გამოხატავს და ეს არ არის ევროპის საბჭოს ზოგადი პოზიცია.

“ვინც არის მთავარი მომხსენებელი, სილევიჩი, მან გააკეთა კომენტარი, რომ ეს არ არის მათი მონიტორინგის კომიტეტის, მონიტორინგის ჯგუფისა და მომხსენებლების პოზიცია. სწორედ მათი მცდელობა იყო, რომ ეს რეზოლუცია გამოთხოვილიყო, მაგრამ ვინაიდან ევროპის სახალხო პარტიას აქვს უმრავლესობა, ვეღარ მოხდა სათანადო ხმების მოპოვება”, - ამბობს პრემიერი.

კომენტარები