ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

უგულავა: მსოფლიო ეუბნება ივანიშვილს და ღარიბაშვილს, რომ ქვეყანა უკან მიდის

თბილისის ყოფილი მერის განცხადებით, "უკვე მთელი მსოფლიო ეუბნება ბატონ ივანიშვილსა და ბატონ ღარიბაშვილს, რომ საქართველო უკან მიდის". გიგი უგულავა დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა და ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

"უკვე არაერთმა ინსტანციამ, საერთაშორისო ინსტანციამ აღიარა, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომ საქართველოში არის შერჩევითი მართლმსაჯულება, რომ საქართველოში პროკურატურა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და რომ აქ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე უკიდურესად პოლიტიზირებულია  და საზოგადოების უკიდურეს, სახიფათომდე მისულ მორალიზაციას იწვევს. ჩვენს ბავშობაში არსებობდა ასეთი გამონათქვამი, რომ  როცა ყველა გეუბნება, რომ ჩაიდანი ხარ, ბოლი უნდა გამოუშვა. უკვე მთელი მსოფლიო ბატონ ივანიშვილსა და ბატონ ღარიბაშვილს ეუბნება, რომ საქართველო მიდის უკან და რომ ის ქმედებები, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოჰყვა, საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათოა", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეს მტკიცებულებად დაერთო. შესაბამისი შუამდგომლობა რიყის ტერიტორიის და ტელეიმედის გასხვისების საქმეზე დაცვის მხარემ დღეს დააყენა. ადვოკატების შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს საქმის ობიექტურ გამოძიებას. ბრალდების მხარის პროკურორმა განაცხადა, რომ დოკუმენტს შემხებლობა არ აქვს საქმესთან და რეკომენდაციის ხასიათს ატარებს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განმარტებით კი, დოკუმენტი საქმესთან უშუალო შემხებლობაში არ არის, თუმცა ირიბად უკავშირდება ბრალდებულებს, ვინაიდან მოხსენიებულები არიან. მოსამართლის განცხადებით, დოკუმენტი გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო და რადგან ბრალდებულებს უშუალოდ ახსენებენ, არ არსებობს წინაპირობა, რომ იგი საქმეს არ დაერთოს. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია საქმეში ჩაიდება და სხვა დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთად გამოიკვლევენ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე რეზოლუცია გუშინ გამოქვეყნდა. ტექსტში ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეა ეჭვს გამოთქვამს, რომ წინა ხელისუფლების ლიდერების სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და შერჩევით და რევანშისტულ სამართალს მიეკუთვნება. გენერალური ასამბლეა იმედოვნებს, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წინასასამართლო პატიმრობის მოთხოვნა არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. ევროსაბჭო ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას პატიმრობა არასაპატიმრო ზომებით შეცვალოს. რეზოლუციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლებრივი დევნის გარდა, ასევე, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქმეებზეა საუბარი.

კომენტარები