ინტერვიუ პრეზიდენტთან

მარგველაშვილი: პოლიტიკურ დევნაზე პარტნიორების კომენტარებს არ უნდა წავუყრუოთ

საქართველოს პრეზიდენტი კითხვაზე - რამდენად აზიანებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის, იმიჯს პოლიტიკური ოპონენტების დაჭერები? - გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების კომენტარებს ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლება გულისყურით უნდა მოეკიდოს. პრეზიდენტმა ინტერვიუ Forbes Georgia-ს მისცა.

"ამასთან დაკავშირებით, მე არაერთხელ მომიწია განმარტებების გაკეთება მაღალი რანგის ვიზიტების, ჩამოსული დელეგაციების მიღებისა თუ ჩემს ევროპელ კოლეგებთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს. ეს არის საკითხი, რომლის თაობაზე ახლახან არცთუ სასიამოვნო განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს არის შეკითხვა, რომელსაც არათუ არ უნდა წავუყრუოთ, არამედ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ის ხალხი, რომელსაც ეს შეკითხვა უჩნდება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან. ისინი საქართველოს სახელმწიფოს პარტნიორები არიან და არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურის. ძალიან ბევრი ის პოლიტიკოსი, რომელთაც საქართველო წლების განმავლობაში წასწიეს წინ და ის წარმატებები, რომლებსაც დღეს ცალსახად ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულება, თუნდაც უელსის სამიტზე მიღწეული წარმატება, სწორედ ამ პოლიტიკოსების, ამ ქვეყნების, ამ პოლიტიკური ძალების ძალიან ინტენსიური ჩაბმულობის შედეგად მივიღეთ. ეს პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერდნენ და არა მხოლოდ 2012 წლამდე, არამედ შემდეგაც. ისინი დღესაც ჩვენი მხარდამჭერები არიან და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნებიან. შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ მათ კომენტარებს", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები