ინტერვიუ პრეზიდენტთან

მარგველაშვილი: კრიმინალს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მივუდგებოდი

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის კრიმინალის თემას სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მიუდგებოდა. მარგველაშვილმა ინტერვიუ Forbes Georgia-ს მისცა.

"თუ თქვენ შეგემთხვათ რამე და რომელიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდით, რა მნიშვნელობა ექნება თქვენთვის, დანაშაულთა გახსნის 99%-იანი მაჩვენებლის დროს მოხდა თქვენ მიმართ ძალადობა თუ 10%-იანს? თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც ზიანი მიაყენეს, მნიშვნელობა არა აქვს, როგორია გახსნის მაჩვენებელი და როგორია სტატისტიკა. მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევა(სამწუხაროდ, შემზარავი შემთხვევები მოხდა) უაღრესად მძიმეა და ყველა იმ ოჯახისთვის, რომელსაც მსგავსი რამ დაემართა, ძალიან მტკივნეული. თითოეული მათგანისთვის მნიშვნელოვანია არა სტატისტიკური მაჩვენებელი საქმის გახსნის შედეგად, არამედ მათი საკითხის გადაწყვეტა. როდესაც იცით, რომ თქვენი საქმე გამოძიებულია, კმაყოფილი ხართ იმით, რომ თქვენი უფლებები დაცულია. შესაბამისად, ამ საკითხს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით არ მივუდგებოდი. მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არამედ ამ ღონისძიებებში საზოგადოების ძალიან აქტიური ჩაბმა. ეს მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველი - როდესაც საზოგადოება აქტიურად არის ჩაბმული და მიაჩნია, რომ პოლიციელი, პატრულის თანამშრომელი, პროკურორი მისი უფლებების დამცველია, ავტომატურად მატულობს გახსნილი საქმეების რაოდენობა. მეორე მომენტი კი ისაა, რომ საზოგადოების ჩაბმულობისა და თანამშრომლობის პირობებში ავტომატურად გამოირიცხება მისი უფლებების დარღვევა. ეფექტიანი სამართალდამცველი ყოველთვის ზღვარზეა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და თუკი საზოგადოებას ჩართავ, ეს თემაც მაქსიმალურად მოგვარებული გექნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები