სახელფასო დანამატი

ნარმანია: ჩვენ ქამრები შემოვიჭირეთ

"ჩვენ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაგვიზრდია; ვიტყვი იმას, რომ ქამრები შემოვიჭირეთ", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ მერიაში სახელფასო დანამატები მანამდეც არსებობდა. 

"ჩვენ არსებითად არაფერი შეგვიცვლია, გარდა მცირედი კორექტირებებისა, ვინაიდან საბიუჯეტო წელი არის წლის ბოლომდე, ეს როგორც დროებითი განკარგულება, იქნა მიღებული წლის ბოლომდე. ამავდროულად, ჩემი დავალებით მაშინვე დაიწყო მუშაობა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ წესზე, რომელზეც ჩვენი სამსახურები მუშაობენ და მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაგვიზრდია, ვიტყვი იმას, რომ ქამრები შემოვიჭირეთ და ადმინისტრაციული ხარჯები დავზოგეთ მნიშვნელოვნად იმისათვის, რომ სწორედ ამ საბიუჯეტო კრიზისის პირობებში დაგვეფინანსებინა სხვადასხვა სახის პროექტები და პროგრამები", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას 2014 წლის 1-ლი სექტემბრის ბრძანებით, ყოველთვიურ სახელფასო დანამატს მერიისა და მისი სამსახურების ჯამში 70-მდე თანამდებობის პირი იღებს. თბილისის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ყოველთვიურად ხელფასის დანამატად 3 540 ლარს იღებს, ნარმანიას სხვა ოთხი მოადგილე კი, 3360 ლარს.

სახელფასო დანამატებს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, მერისა და მისი მოადგილეების აპარატის უფროსები, 11 საქალაქო სამსახურის უფროსი, მათი მოადგილეები, ათი რაიონის გამგებელი და მათი მოადგილეები იღებენ. თბილისის მერის ბრძანებით, სახელფასო დანამატი ხელფასების პროპორციულია და ჯამში 26 თანამდებობაზე ვრცელდება.

თბილისის მერიაში ახალმა გუნდმა მუშაობა 2014 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კრიტიკა მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ პრემიის გაცემის სპეციალური წესი შეიმუშავა. ცვლილებები არ შეხებია სახელფასო დანამატებს.

კომენტარები