საავტომობილო გზა რუსეთთან

საგანელიძე: რუსეთის ბაზარი ჩვენთვის არის ჰაერივით აუცილებელი

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზის მშენებლობას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ამან, შესაძლოა, ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს. საგანელიძე მიიჩნევს, რომ "რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ჰაერივით აუცილებელია". ის ასევე თვლის, რომ გზის მშენებლობაში შეიძლება, საფრთხის ელემენტი არსებობდეს, თუმცა, "თუ ჩვენ საფრთხემ შეგვაშინა და სწორი ნაბიჯები არ გადავდგით, ჩემი აზრით, ეს ქვეყნისთვის სწორი არ იქნება".

"ის, რომ პოლიტიკური სიტუაცია რუსეთთან რთული და დაძაბულია, ქვეყანას სერიოზულად უკან ხევს ეკონომიკური თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა გავიხედოთ იმ მიმართულებით, რა შეიძლება, რომ ქვეყნის ეკონომიკას მოემატოს. ის, რომ რუსეთი ჩვენი საინტერესო ეკონომიკური პარტნიორი უნდა იყოს, ამაზე მე მგონი არავინ კამათობს, იმიტომ, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის არის ჰაერივით აუცილებელი. ალბათ, პოლიტიკური ურთიერთობები პირველ რიგში უნდა დალაგდეს პირველი ნაბიჯებით ეკონომიკაში. ეს ნაბიჯები გადადგმულია. გარკვეულწილად რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, თუმცა, არასაკმარისად. რუსეთთან რაც უფრო მეტი ეკონომიკური შეხების წერტილი გვექნება, რაც უფრო მეტი ექსპორტ-იმპორტი იარსებებს, რაც უფრო მეტად გვექნება საშუალება, რომ რუსეთთან ძლიერი ეკონომიკური კონტაქტები შევქმნათ, რათა გავუმჯობესოთ შემდგომში ის პოლიტიკური ურთიერთობა, რაც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან მძიმეა, ამაზე ორი აზრი არ არის.

ნებისმიერ ნაბიჯს, ნებისმიერ ინიციატივას, რაღაც გარკვეული საფრთხის შემადგენელი ელემენტი შეიძლება, ჰქონდეს. მაგრამ სწორედ ისაა კარგი მენეჯმენტი, კარგი მართვა და კარგი ხელისუფლება, რომელიც გარკვეულად ამ საფრთხის პრევენციას მოახდენს. ის, რაც დადებითი შეიძლება, ნებისმიერ საქმეში არსებობდეს, ეს იქნება გამოვლენილი. ასე რომ, თუ ჩვენ საფრთხემ შეგვაშინა და სწორი ნაბიჯები არ გადავდგით, ჩემი აზრით, ეს ქვეყნისთვის სწორი არ იქნება", - აღნიშნა საგანელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს რუსეთთან კიდევ ერთი გზის მონაკვეთი დააკავშირებს: დაღესტანში, აგვისტოს თვიდან ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოსთან შემაერთებელი 83-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზის გაყოლებაზე აშენდება 25 ხიდი და 5 გვირაბი. აღნიშნული ობიექტი მახაჩყალა-თბილისის 470-კილომეტრიანი საავტომობილო მარშრუტის პროექტის ნაწილია. ქართული მხარის განცხადებით, ეს რუსეთის ტერიტორიაა და სწორედ რუსეთის გადასაწყვეტია, რა ტიპის პროექტებს გააკეთებს თავის ტერიტორიაზე.

ავარეთ-კახეთის გზის აღდგენაში რუსეთის ინტერესები ჯერ კიდევ 2008 წელს გამოიკვეთა, როდესაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაღესტნის მთიანეთში არსებულ სამხედრო ბაზას ესტუმრა. პუტინს აინტერესებდა, რამდენად შეძლებდა სამხედრო აღჭურვილობა ამ მიმართულებით მოძრაობას და სამხედროებმაც დაარწმუნეს, რომ დაღესტნის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მძიმე ტექნიკა, მათ შორის, ტანკებიც უპრობლემოდ გაივლიდა. 

კომენტარები