საერთო სამხედრო დაჯგუფება

საგარეო უწყება: იმედია, რუსეთი თავს შეიკავებს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი მიუთითებს იმაზე, "რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას". საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ "რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან". ცნობისთვის, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

"აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს უკავშირდება, ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ რუსეთს ნდობის აღდგენის მიზნით ახალი ორმხრივი დიალოგის ფორმატი შესთავაზა. ამ პოლიტიკის რეალიზაციამ პოზიტიური შედეგები მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენი აზრით, ეს პროცესი ასევე პოზიტიურ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი რეალიზაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, მნიშვნელოვნად დააზიანებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მიუღებელია ე.წ. ხელშეკრულების პროექტის პრეამბულაში ორი ქვეყნის ხალხის სახელით საუბარი, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად, გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში ადგილზე დარჩენილ აფხაზეთის მოსახლეობის თვითმყოფადობასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება", - აცხადებს საგარეო უწყება და იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან.

"წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება შეფასდება როგორც აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისობრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების პროექტი სოხუმის პარლამენტში განსახილველად შევიდა. საერთო დაჯგუფებას რუსეთი დააფინანსებს და მისი ამოცანა აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა იქნება. საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწად-ნახევარში კი, აფხაზეთმა საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. 

კომენტარები