საერთო სამხედრო დაჯგუფება

პრეზიდენტი: პარლამენტმა რუსეთ-აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების თემა განიხილოს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება გააუარესებს უსაფრთხოებას შავი ზღვის აუზსა და კავკასიის რეგიონში. მან საქართველოს პარლამენტს მიმართა, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. პრეზიდენტის თქმით, ამ პოზიციაზე დაფუძნებით, ის უშიშროების საბჭოს მოიწვევს.

"ხელშეკრულების გაფორმება ეწინააღმდეგება ჟენევის კოსულტაციების ფორმატსა და სულისკვეთებას. ეს ხელშეკრულება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ამ ხელშეკრულების გააქტიურების შემთხვევაში გაუარესდება ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები რეგიონში. საფრთხის წინაშე დადგება აფხაზობის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილის თვითდამკვიდრება და იდენტობის მომავალი. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამსაზღვრელი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, მივმართავ მას, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშავოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით, ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, უსწრაფესად, ადეკვატურად შეაფასონ ვითარება და მისცენ შესაბამისი რეაქცია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ამ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს. არსებული თხოვნა პარლამენტის მიმართ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უკვე გადაიგზავნა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების პროექტი სოხუმის პარლამენტში განსახილველად შევიდა. საერთო დაჯგუფებას რუსეთი დააფინანსებს და მისი ამოცანა აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა იქნება. საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწად-ნახევარში კი, აფხაზეთმა საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. 

კომენტარები