სამომხმარებლო ბაზარი

Toyota ტექნიკური ხარვეზის გამო 1,7 მილიონ ავტომობილს უკან გაიწვევს

autoblog.com

Reuters-ის ცნობით, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota მსოფლიოს მასშტაბით 1,67 მილიონ ავტომობილს ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან გაიწვევს. Toyota-ს წარმომადგენლების თქმით, ტექნიკური გაუმართაობა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, მათ შორის, სამუხრუჭე სისტემასა და სიჩქარის გადაცემათა კოლოფს აღმოაჩნდა. 

Toyota გაუმართაობის შედეგად დამდგარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე არ საუბრობს. კომპანიის თქმით, ავტომობილის უკან გაწვევა არასავალდებულო იქნება და ავტომფლობელებს მასზე უარის თქმის შესაძლებლობა ექნებათ.

ტექნიკური ხარვეზები აღმოაჩნდა მოდელებს: Crown Majesta, Crown, Noah, Voxy, Corolla Rumion-სა და Auris-ს. 

მსგავსი პრობლემების გამო Toyota-მ აპრილის თვეში 6,4 მილიონი ავტომობილი გაიწვია, რაც მსოფლიოში ავტომობილების ტექნიკური ხარვეზის გამო უკან გაწვევის მეორე უდიდესი შემთხვევა იყო. ორი თვის შემდეგ კი კომპანიამ 2,3 მილიონი ავტომობილი გაიწვია.

კომენტარები