ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის

პრემიერი: ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთი ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას ასე უპასუხებს

ირაკლი ღარიბაშვილი
Irakli Garibashvili Official

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების კანონპროექტს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმება შემაშფოთებელია, რადგან მისი ხელმოწერის შემთხვევაში ის საფრთხის შემცველი იქნება აფხაზი ერისთვის.

"არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით"- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ხელშეკრულება განხილვის სტადიაშია და ჯერ ოფიციალური პოზიცია მოსკოვს ხელშეკრულების ვადებისა და ბედის თაობაზე არ დაუფიქსირებია. 

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესთან და რუსულმა მხარემ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ეს ხელშეკრულება არის განხილვის სტადიაში, თუმცა, რა ვადებში იქნება და დარჩება თუ არა ტექსტი ამ ფორმით, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ძალიან მაინტერესებს რუსეთის ხელისუფლების საბოლოო პოზიცია. ასევე, არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთის ხელისუფლება აპირებს, ჩვენს კონსტრუქციულ და პრაგმატულ პოლიტიკას უპასუხოს ასეთი ნაბიჯით. ეს წესით არ უნდა შედიოდეს არავის ინტერესებში"- განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება აგრძელებს ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულ პრაგმატულ პოლიტიკას და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება.

"ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რაც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პირდაპირი რეკომენდაცია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული პრაგმატული პოლიტიკა ჩვენ წარმატებით გავაგრძელეთ და ამის შედეგია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება, რის შედეგადაც გაიზარდა ექსპორტი რუსეთში. ჩვენ დღემდე არ დაგვიკლია მცდელობა, რათა წარმოგვეჩინა, რომ ვართ მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული და სტაბილური მთავრობა. ჩვენს ამ მცდელობებს პოლიტიკურ სიტუაციაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა" - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მას გააჩნია იდეა აფხაზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ იდეის დეტალური განხილვა გაფართოებული ფორმატის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი ამ იდეის შესახებ. საბჭო 18 ოქტომბერს შეიკრიბება. 

კომენტარები