საერთო სამხედრო დაჯგუფება

სააკაშვილი: პრემიერის განცხადება უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის მთლიანობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პრემიერი ტერმინ "თვითგამორკვევის" გამოყენებით უმძიმეს დარტყმას აყენებს ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე, აფხაზეთიდან დევნილებს და თითოეულ ქართველს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება "პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის".

"გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა. “თვითგამორკვევა” ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისოსამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს, ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის “დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის” საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს", - წერს სააკაშვილი Facebook-ში.

 

კომენტარები