თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პოლიტსაბჭოზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებაზე იმსჯელეს

კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდა, თუმცა, ირაკლი ალასანიას კომენტარი არ გაუკეთებია. თავდაცვის მინისტრმა, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, აეროპორტში განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკაშირებით,  კომენტარი გააკეთეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მათი შეფასებით, გამოძიების დასრულებამდე მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმეგბლობაზე საუბარი ნაადრევია.

ნაციონალურ მოძრაობაში თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების დაკავებას შიდაპარტიულ დაპირისპირებად აფასებენ. გიგა ბოკერიას თქმით, მმართველი პარტია პოლიტიკური ინტრიგებისთვის სამართლებრივ სტრუქტურებს იყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება დღეს გაასაჩივრეს. დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქმის მასალების ნაწილის განსაჯაროებას ითხოვენ. უწყება აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას ორშაბათს მიმართავს.

კომენტარები