საქართველო-ავსტრიის ურთიერთობა

პრეზიდენტი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების კონფერენციის გახსნას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების გაეროს მეორე კონფერენციის გახსნას დაესწრო. ფორუმის ფარგლებში იგეგმება მსგავსი ქვეყნების ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანფორმაციის მიღწევების თემატური განხილვა. გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანთან და სხვა გამომსვლელებთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება.
"ეს მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რადგან ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში. ჩვენს კონტინენტზე ბევრი - 14 ქვეყნიდან 8 ქვეყანა სარგებლობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით, რაც დიდ მნიშვნელობას სძენს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღესვე შედგა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და მონტენეგროს პრეზიდენტ ფილიპ ვუჟანოვიჩს შორის. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში მონტენეგროს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას.

"საქართველოს პრეზიდენტმა, უპირველესად, ხაზგასმით აღნიშნა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმილი ვითარების - ფაქტობრივი ანექსის პროცესის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც მონტენეგრო ყველაზე ახლოს არის ნატო-ს წევრობასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მხარდაჭერა. ფილიპ ვუჟანოვიჩმა, თავის მხრივ, აღგვითქვა უპირობო მხარდაჭრა, როგორც ნატო-ს წევრობის საკითხში, ისე ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყებს მზადებას აღნიშნული ვიზიტისთვის", - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან ბან კი-მუნთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან და სხვა ლიდერებთან.

 

კომენტარები