თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალექსი ბატიაშვილმა პროკურატურა დატოვა და დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა

ალექსანდრე ბატიაშვილი
შსს

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, რომელსაც პროკურატურა თითქმის 10 საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით კითხავდა, პროკურატურის შენობა დატოვა. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ბატიაშვილის ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ დაკითხვა დარღვევებით წარიმართა, ხოლო პროკურატურა მისთვის სასურველი პასუხების მიღებას ცდილობდა. 

დაკითხვის ოქმს ბატიაშვილმა ხელი არ მოაწერა, რადგან ადვოკატის თქმით, ოქმი არასრულფასოვნად ასახავდა დაკითხვის მიმდინარეობას.

"დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით. ვერც ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკკითხვის პროცესში როდესაც ბატონი ალექსი დასმულ კითხვებს სცემდა პასუხს, გამომძიებელ ფუტკარაძეს აღნიშნული პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც ჩვენ პროტესტი დავაფიქსირეთ. შესაბამისი პროტესტი ოქმში ჩვენ თვალწინ შეიტანეს. შესაბამისად, გაგრძელდა დაკითხვა.

ჩვენ მოწადინებული ვიყავით, რომ ბატონ ალექსის სრულფასოვანი ჩვენება მიეცა. როდესც დაკითხვა დასრულდა, წარმოგვიდგინეს დაკითხვის ოქმი. მასში ბატონი ალექსის მიერ გაცემული პასუხები, უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო, პასუხების უმრავლესობა საერთოდ იყო ამოღებული. პროტესტები საერთოდ არ იყო დაფიქსირებული, რაზეც, ბუნებრივია, გამოვთქვით ჩვენი პროტესტი.

ამაზე გამომძიებელმა გვითხრა, ერთი წუთით მოიცადეთო, მეორე ოქმს წარმოგიდგენთო და წარმოგვიდგინა დაკითხვის სხვა ოქმი, უფრო სახეშეცვლილი, სადაც პროტესტი იყო დაფიქსირებული, მაგრამ კითხვებზე პასუხი, დაკითხვის მიმდინარეობა არ იყო სრულფასოვნად ასახული. ჩვენ კანონით მინიჭებული უფლებით ვისარგებლეთ, გავაკეთეთ შენიშვნა რომ არ ვეთანხმებოდით ოქმში ასახულ ფაქტებს. ბატონმა ალექსიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ოქმის სიზუსტეს ხელს ვერ მოაწერდა. აღნიშნულ იქნა ასევე, რომ ბატონი ალექსი მზად არის, ნებისმიერ დროს გამოცხადდეს მთავარ პროკურატურაში და შესაბამის ორგანოებში, სადაც ვინმეს კითხვა ექნება და რომ მის ინტერესებში შედის გამოძიებასთან თანამშრომლობა. 

"გამომძიებელს არ მოსწონდა პასუხებში" - იგულისხმება ის, რომ ეუბნებოდა - თქვენ ამ კითხვას თავს არიდებთ? ამ კითხვაზე ასეთი პასუხი რატომ გამეცით? სხვანაირად არ გამიგოთ, ზეწოლას ალბათ ვერ გაგვიბედავდნენ, მაგრამ იყო შეფარული მცდელობა იმისა, რომ სასურველი პასუხები მიეღოთ" - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

კომენტარები