თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ომბუდსმენი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს შეისწავლის

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს შეისწავლის. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველს წვდომა აქვს საიდუმლო მასალებზე. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, გამოძიება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაინტერესდეს ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის დაკითხვა დარღვევებით წარიმართა.

"გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩავერთოთ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო, სახალხო დამცველს აქვს წვდომა საიდუმლო მასალებზე, ამდენად, ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა პირველ რიგში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი", - აცხადებს ნანუაშვილი და აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს პირადად შეხვდება. 

თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები