თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ვოლსკი: პროკურატურა ვალდებული იყო, რომ მოწამვლის თემისთვისაც მოეკიდა ხელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, ჯარისკაცების მოწამვლის საკითხი "დიდხანს ეკიდა ჰაერში და ვალდებულიც იყო პროკურატურა, რომ ამ თემისთვისაც მოეკიდა ხელი". როგორც ვოლსკის ქართული ოცნების ცენტრაურ ოფისთან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებულ "ყველანაირ პოლიტიკურ სპეკულაციას ბოლო უნდა მოუღოს ობიექტურმა და გამჭვირვალე გამოძიებამ". დეპუტატის თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ასეთი მწვავე თემის სამართლებრივი შეფასება უკავშირდებოდეს პოლიტიკას და პოლიტიკურ ნიუანსებს.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა".

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზეც წაუყენა ბრალი. იქამდე კი, უწყების ხუთი მაღალჩინოსანი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. ასევე, მოწმის სახით დაკითხეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი.

კომენტარები