კრიზისი კოალიციაში

უსუფაშვილი: კოალიციაში გარკვეული კრიზისული მოვლენებია

David Usupashvili
Tabula

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით კოალიციაში კრიზისი არ არის, არის კრიზისული მოვლენები. უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესი უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზრდება. 

"კოალიციაში კრიზისი არ არის. არის გარკვეული კრიზისული მოვლენები. რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო, როცა უწყებები განცხადებით მიმართავენ ერთმანეთს. როდესაც პრემიერი და მინისტრი ტელევიზიით ესაუბრებიან ერთმანეთს, ან როცა პარლამენტის თავმჯდომარეს მედიისთვის იმის თქმა უწევს, რასაც ახლა ვამბობ, ე.ი. რაღაც ნიშნები არსებობს იმისთვის, რომ დროზე მივხედოთ საქმეს, რათა ის უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზარდოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება... ხანდახან ასეთი კრიზისული მოვლენა სასარგებლოა იმისთვის, რომ, მიიხედ-მოიხედონ და სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ. მივმართავ პარტნიორებს კოალიციაში. გარკვეულ კრიზისულ ვითარებას გავუმკლავდეთ ისე, როგორც გვეკადრება კოალიციის პარტნიორებს, ისე როგორც გვეკადრება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს. ყველა თემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოში ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა"- განაცხადა უსუფაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ  საპარლამენტო უმრავლესობის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის წინ გააკეთა. შეხვედრის პარალელურად თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე შეტევაა და არსებული კრიზისის გადასაწყვეტად პოლიტსაბჭოს შეკრების ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები