კრიზისი კოალიციაში

პროკურატურა: თავდაცვის მინისტრის განცხადება უვიცობაა

pirveliradio.ge

თავდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადებას მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ტელეკომპანია იმედის გადაცემა ქრონიკაში გამოეხმაურა. შოთაძის განმარტებით, ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან პროკურატურას შეხება არ აქვს.

"ის განცხადებები, რომ პროკურატურის თავდასხმის ობიექტი არის თავდაცვის სამინისტრო, არის უბრალოდ სასაცილო და გაუგებარი. თავდაცვის სამინისტრო არის სახელმწიფო უწყება და პროკურატურა მასზე არანაირ თავდასხმას არ ახორციელებს. თავდაცვის სამინისტრო გუშინაც არსებობდა, დღესაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს, მიუხდავად იმის, თუ ვინ იმუშავებს. პროკურატურას არანაირი შემხებლობა არ აქვს ქვეყნის საგარეო კურსთან და პოლიტიკასთან. ასეთი განცხადებები არის უბრალოდ უვიცობა" - განაცხადა შოთაძემ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პროკურატურის ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე შეტევაა. მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების და დღეს უკვე სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელების დაკავება  ქმნის ეჭვს, რომ "საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა NATO-სთან და ევროკავშირთან". მისი შეფასებით, "პროკურატურის ქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე". ალასანიას განცხადებით, ხვალ მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, "შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საით მიჰყავს პროკურატურას საქმე და ეს ქვეყანა."

კომენტარები