ირაკლი ალასანიას გადაყენება

ბესელია: ღარიბაშვილი ვალდებული და იძულებული იყო ალასანია გაეშვა

ირაკლი ღარიბაშვილი ვალდებული და იძულებული იყო ალასანია თანამდებობიდან გაეშვა - ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

„მე მინდა დავადასტურო ჩვენი სრული მხარდაჭერა პრემიერმინისტრის გადაყვეტილების მიმართ და იმ ვითარებაში როდესაც თავდაცვის მინისტრი, რომელიც უმნიშვნელოვანეს უწყებას ხელმძღვანელობს და მის უკან დგას ქვეყნის შეიარაღებული ძალები და ამ დროს კეთდება ასეთი კონფრონტაციული განცხადება, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული მეორე ძალოვანი უწყების წინააღმდეგ, ამ ვითარებაში ამ განცხადების ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილი ვალდებულიც და იძულებულიც იყო ასეთი გადაწყვეტილება მიეღო“ - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით ის პრინციპულად ვერ დავეთანხმება ფანჯიკიძისა და ალასანიას განცხადებას, რომ საფრთხის წინაშე დგას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავალი.

„მე მგონია რომ სწორედ მათი განცხადება იყო შეტევა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. მე ძალიან მიჭირს ასეთი მკვეთრი შეფასების გაკეთება, მაგრამ არ შეიძლება ასეთი განცხადებები უნისონში მოდიოდეს იმ განცხადებებთან, რომლებზეც ჩვენ გვაქვს აბოსოლუტური მიუღებლობა“ - განაცხადა ბესელიამ.

მისი განცხადებით პარლამენტში უმრავლესობას მმართველი გუნდი არ დაკარგავს. ეკა ბესელიას ინფორმაციით თავისუფალი დემოკრატების ნაწილი კოალიცია ქართულ ოცნებას არ დატოვებს.

კომენტარები